საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი თოფაძის გამოსვლასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2016 წლის 3 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატის გოგი თოფაძის მიერ სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას, რომელიც შეიცავს სტიგმას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი დამოკიდებულება საზოგადოებაში მყარად არის გამჯდარი. ბევრი მათგანი იზოლირებული და გარიყულია სოციუმიდან, რის გამოც ისინი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის დროს. ამ ფონზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ცნობილი სახეების მხრიდან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რომლებიც კიდევ უფრო ამძლავრებენ არსებულ სტერეოტიპებს და ხელს უწყობენ არასწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.
ტერმინი დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად. დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, ის არის გენეტიკური ცვლილება, რომელიც წარმოშობს სხვადასხვა სახის მახასიათებლებს.
სახელმწიფოს ვალდებულებაა მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პირთა ღირსების პატივისცემა და მათი უფლებების დაცვა. ნებისმიერი პირის მხრიდან გაკეთებული განცხადება უნდა ემსახურებოდეს პოზიტიური განწყობის შექმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, მათი უფლებების უზრუნველყოფას და სათანადოდ დაცვას. ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკოსებს, სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირს საქართველოში, განსაკუთრებით მაღალი საჯარო თანამდებობის პირებს თავი შეიკავონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისაგან. უფრო მეტიც, ყოველმხრივ უზრუნველყონ მათი უფლებების თანაბარი დაცვა და საქმიანობის გააქტიურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.