სიახლეები

სახალხო დამცველმა ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულა

2023 წლის 30 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შპს ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი (გლდანის ფსიქიატრიული დაწესებულება) შეამოწმა და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

სახალხო დამცველმა დაათვალიერა პაციენტთა პალატები, სტაციონარული და ამბულატორიული განყოფილებები, სასადილო სივრცე, სველი წერტილები, შეხვდა და გაესაუბრა პაციენტებს, ცენტრის ადმინისტრაციასა და პერსონალს.

ვიზიტის შედეგად სხვა პრობლემებთან ერთად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში არსებული თერაპიული, ინფრასტრუქტურული, საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა იმდენად არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს, რომ ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში.

ამორტიზებული შენობა, გადატვირთულობა, უსაფრთხოების, ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის სრულფასოვანი მკურნალობის პრობლემები, ადამიანური და ფინანსური რესურსის ნაკლებობა და სარეაბილიტაციო პროგრამების არარსებობა ის საკითხებია, რომელიც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)