სიახლეები

სახალხო დამცველმა ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი დაათვალიერა

2023 წლის 27 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ევექსის“ კლინიკების ახლადგახსნილი ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ დაათვალიერა.

„კარავი“ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე არასრულწლოვან ბენეფიციარებს ქცევით თუ ემოციურ სირთულეებზე ორიენტირებულ თერაპიულ მომსახურებებს სთავაზობს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ცენტრის ბენეფიციართა შორის აუტიზმის სპექტრის მქონე ის ბავშვებიც არიან, რომლებიც ილიაუნის დაქვემდებარებაში მყოფი „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ მიერ თერაპიული მომსახურების შეწყვეტის შედეგად სარეაბილიტაციო სერვისის გარეშე დარჩნენ.

„ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ სერვისების შეჩერების შემდეგ, შშმ ბავშვთა აუცილებელი რეაბილიტაციის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, სახალხო დამცველი აქტიურად ადვოკატირებდა ბავშვების გადაყვანას ერთ სივრცეში და იმ თერაპევტებთან ერთად, რომლებიც მათთან წლების განმავლობაში მუშაობდნენ.

ცენტრში ფუნქციონირებს ხელოვნებისა და მუსიკის, ფიზიკური და სენსორული, მეტყველებისა და ქცევითი თერაპიის მიმართულებები. „კარავში“ მოქმედებს „მშობელთა სკოლაც“, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო და მხარდამჭერ აქტივობებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)