სიახლეები

სახალხო დამცველის შეხვედრა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან

2023 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი იმ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მიერ თერაპიული მომსახურების შეწყვეტის შემდეგ აუცილებელი სარეაბილიტაციო სერვისის გარეშე დარჩნენ.

სახალხო დამცველის აპარატმა საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო და საქმისწარმოების ფარგლებში დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა თბილისის მერიიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულები 19 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ ვითარებას.

შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა მშობლებს საკითხის შესწავლის შედეგად მიღებული ინფორმაცია გააცნო, პირადად მოისმინა მათი პრობლემები, მხარდაჭერა გამოუცხადა და გამოთქვა მზაობა, საკითხის მოსაგვარებლად შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს, სერვისის შესაძლო შეწყვეტისა თუ არსებული ალტერნატივების თაობაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გონივრული ვადით ადრე არ აცნობა, რომ საზაფხულო დასვენების შემდეგ ცენტრი მომსახურებას აღარ განაახლებდა. ხაზგასასმელია, რომ დღემდე, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები მშობლებთან არასაკმარის კომუნიკაციას აწარმოებენ და არც საკითხის მოგვარების კონკრეტული გეგმა შეუთავაზებიათ. შედეგად, ბავშვები თვეზე მეტია მოწყვეტილნი არიან თერაპიას, რაც ნეგატიურად აისახება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და მიღწეული შედეგების დაკარგვის საფრთხეს ქმნის.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ შშმ ბავშვთა რეაბილიტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის პროცესში. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, მათთვის აუცილებელია უსაფრთხო ტრანზიცია და სერვისის მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გაგრძელება. შესაბამისად, პრიორიტეტულია თერაპია ერთ სივრცეში და იმ თერაპევტების ჩართულობით გაგრძელდეს, ვისთანაც ბავშვებს ემოციური მიჯაჭვულობა აკავშირებთ და ვისთვისაც უკვე ნაცნობია ბენეფიციარების განვითარებისა და თუ მიღწეული პროგრესის თავისებურებები.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს როგორც ცენტრალურ, ისე, ადგილობრივ ხელისუფლებას და სხვა ჩართულ მხარეებს, ერთობლივი ძალისხმევით, ერთმანეთთან კოორდინაციით, მშობლებთან და თერაპევტებთან მჭიდრო კომუნიკაციით, მიიღონ ყველა ზომა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების საჭიროებების გადაუდებლად დაკმაყოფილებისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)