სახალხო დამცველის პოზიცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის გაზრდის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის გაზრდის შესახებ არსებულ მოთხოვნას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას ყველა ღონისძიება გაატაროს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სამართლიან სისტემაზე დროული გადასვლისთვის.
საქართველოს სახალხო დამცველი წლებია საუბრობს შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასების არსებულ ე.წ. სამედიცინო მოდელის ხარვეზებზე, რაც პირდაპირ კავშირშია არსებული პროგრამების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგების მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან. ახალ შეფასების მოდელზე გადასვლა, რომელიც გარდა სამედიცინო ჩვენებისა ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე, კვლავ დროში ჭიანურდება.
მოქმედი მოდელის მიხედვით განსაზღვრული სოციალური პაკეტი, გარდა იმისა, რომ არ არის მორგებული პირის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მისი ოდენობა მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილებას, განსაკუთრებით გაზრდილი ფასების, მზარდი ინფლაციისა და პანდემიის პირობებში. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც შშმ პირთა ნაწილი ახალი კორონა ვირუსის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ შემუშავებული სახელმწიფოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიღმა დარჩა.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
- უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების სისტემის დაწყებული რეფორმის შემჭიდროვებულ ვადებში წარმართვა;
- შეფასების სისტემის ცვლილებამდე, უზრუნველყონ ყველა კატეგორიის შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილება მათი ღირსეული და ადეკვატური სოციალური პაკეტით უზრუნველყოფის გზით;
- ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში, განახორციელონ შშმ პირთა საჭიროებების ყოველმხრივი შესწავლა, მათ შორის, შეიმუშაონ კონკრეტული ღონისძიებების გეგმა შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.