სახალხო დამცველის განცხადება მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტზე
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება 2020 წლის 4 დეკემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ტექნიკური რეგლამენტის „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცებას. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი ეფუძნება უნივერსალური დიზაინის პრინციპებს და გაწერილია ტექნიკური კრიტერიუმები შენობა-ნაგებობების, მიწის ნაკვეთების და სხვა ელემენტების მისაწვდომობის საკითხებზე. ამასთან, გათვალისწინებულია სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები.
სახალხო დამცველი მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას მისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, მათ შორის, კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე, რამაც ხელი შეუწყო საკითხის აქტუალიზებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, 2018 წელს მომზადდა სპეციალური ანგარიში ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის ხარვეზები“, ამასთან, შესაბამისი რეკომენდაციები ყოველწლიურად აისახებოდა საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დოკუმენტის შემუშავების პროცესში ყველა შესაბამის უწყებასთან კოორდინაციის პროცესში და არაერთხელ იქნა წარდგენილი წერილობითი მოსაზრება.
მიუხედავად, პოზიტიური ცვლილებებისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს მუშაობა. მათ შორის:
- მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების ძალაში შესვლამდე (2021 წლის 1 მარტამდე) ჩატარდეს საინფორმაციო კამპანია განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ რეგულაციებსა და ვალდებულებებზე, რათა, საზოგადოება და პასუხისმგებელი სუბიექტები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი;
- უმოკლეს ვადებში მოხდეს შესაბამისი არქიტექტურული და საზედამხედველო სამსახურის პერსონალის გადამზადება;
- დროულად შემუშავდეს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით. ამასთან, გეგმით განისაზღვროს გონივრული ვადები, გაწერილი ვალდებულებების შესრულებისთვის.
სახალხო დამცველი აგრძელებს მისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგს და დააკვირდება როგორც მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის პრაქტიკაში დანერგვის, ისე მის აღსრულებაზე ზედამხედველობის პროცესს.