სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 10 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა ემსახურება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ძალისხმევის მობილიზებას იმ პირთა მხარდასაჭერად, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

მიმდინარე წელს 10 ოქტომბრის მთავარი თემაა - ვაქციოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყველასთვის გლობალურ პრიორიტეტად.

ჯერ კიდევ 2019 წელს მსოფლიოში დაახლოებით ყოველ მერვე ადამიანს აღენიშნებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. კოვიდ 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ კი სფეროს გლობალური კრიზისი გამოიწვია. გააძლიერა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრესი და საფრთხე შეუქმნა მილიონობით ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. საზოგადოებაში არსებული სტიგმა და დისკრიმინაცია კვლავ ხელისშემშლელ ფაქტორად რჩება მათი სოციალური ინტეგრაციისა და სათანადო მოვლის პროცესში. ამავდროულად, კვლავ არ არის საკმარისი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭირო დაფინანსება და მომსახურებები, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.[1]

საქართველოში ამ დრომდე გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, სტაციონარული მომსახურების მიმღებ პირთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა და ფსიქიატრიის დარგის საჭირო ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა. კვლავ პრობლემას წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სტაციონირებული პაციენტებისათვის სრული და ობიექტური ინფორმაციის მათთვის გასაგები ფორმით მიწოდების გარეშე, თანხმობის ფორმაზე ფორმალურად ხელის მოწერა. გამოწვევაა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტიგმის შემცირება.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია,[2] დოკუმენტით სრულყოფილად არ არის დაფარული ისეთი საკითხები, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება და სუიციდის პრევენცია. ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებები-სფეროს დეინსტიტუციონალიზაცია, თემზე დაფუძნებული სერვისების შექმნა კი დეკლარაციული ხასიათისაა და მათი განხორციელების მკაფიო გზები სტრატეგიით არ დასახულა.

ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არსებული პრობლემების დროულად მოგვარების მიზნით, სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას - გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს ერთდროულად ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე, თემზე დაფუძნებულ სერვისებზე გადასვლა, მათი უწყვეტობა და შეუფერხებლად მიწოდება შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისათვის; მოახდინოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტების სათანადო ინფორმირება მათი უფლებების შესახებ; მხარი დაუჭიროს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას, მეტი ძალისხმევა მიმართოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სტიგმის შემცირების მიზნით, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა გლობალური პრიორიტეტი გახდეს ყველასთვის.


[1] https://bit.ly/3CcjwkR2

[2] საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 იანვრის №23 დადგენილება „საქართველოს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ.“ დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე <https://bit.ly/3rR67tq >

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)