საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება მიმდინარე მოვლენების ფონზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე
საქართველოს სახალხო დამცველი კორონა ვირუსის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე ხაზს უსვამს დაავადებისადმი მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, შშმ პირების ინფორმირების და მათი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის საჭიროებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში უზრუნველყოფილი იყოს შშმ პირების ინფორმირება მათთვის მისაწვდომი ფორმით, რათა საფრთხე არ შეექმნას მათი ჯანმრთელობის, განათლების და სოციალური დაცვის და სხვა უფლებების განხორციელებას.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს უზრუნველყონ არსებული მდგომარეობის, მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ პრევენციის მიმართულებით გასატარებელი ზომების შესახებ შშმ პირთა ინფორმირება მათთვის მისაწვდომი საშუალებებით. კერძოდ, ჟესტურ ენაზე, ციფრული ტექნოლოგიის, ტიტრების, მობილური შეტყობინების, ხმოვანი სერვისების, ადვილად წაკითხვადი და გამარტივებული ენით. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ფსიქიატრიულ სტაციონარებსა და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინფორმირებასა და მხარდაჭერაზე.
გასათვალისწინებელია, რომ არსებულმა ვითარებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას შშმ პირებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა რეაბილიტაცია-აბილიტაციის, დამხმარე საშუალებებით, ქრონიკული დაავადებების (მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის) სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფა და სხვა. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აქტიური ნაბიჯები გადადგას მათი მხარდაჭერისთვის ამ პროცესში, მათ შორის, დროულად შემუშავდეს და დაინერგოს აღნიშნული სერვისების მიღების ალტერნატიული მეთოდები. ამავე დროს, აუცილებელია პანდემიასთან ბრძოლის შესაბამის გეგმებში სათანადოდ იყოს გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები, რაც მოიცავს საკარანტინე ზონებისა და საჭირო სამედიცინო სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფას.
სახალხო დამცველი აგრძელებს შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის მონიტორინგს, რომლის ფარგლებში მოხდება სახელმწიფო ზრუნვისა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში/ამბულატორიებში, ასევე რესურს სკოლებსა და ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სერვისებში (მათ შორის დღის ცენტრებში) არსებული სიტუაციის შესწავლა და ანალიზი.
მიმდინარე წლის 17 მარტს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის კატალინა დევანდასის მიმართვა, რომელიც ეხება მიმდინარე კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას. სპეციალური მომხსენებლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირების უმეტესობა მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენს, მხოლოდ მცირედი გაკეთდა მათი საჭირო მხარდაჭერითა და რეკომენდაციებით უზრუნველსაყოფად.
საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებას და ინფორმაციის ყველასთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფას და გიზიარებთ მიმართვის ქართულ თარგმანს.