სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრები ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ

2022 წლის ივნისის თვეში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გვანცა ხარატიშვილმა, მარიამ გვიდიანმა, ანა ლობჟანიძემ და ნინო ვალიკოვმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებთან, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ პირებთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რეგიონში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილე ქალებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სერვისების შესახებ, საზოგადოებაში გენდერული თანასწორობისა და ქალის როლის მიმართ არსებული სტერეოტიპები მიმოიხილეს და საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი გააცნეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებთან შეხვედრისას ისაუბრეს სტიგმაზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომისას არსებულ გამოწვევებისა და დაბრკოლებებზე და შშმ ქალების ამჟამინდელ უფლებრივ მდგომარეობაზე.

პოლიციის თანამშრომლებთან გამართულ ძალადობის მსხვერპლი ქალების, მათ შორის, სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებული ქალების დაცვის და დახმარების სერვისებზე მისაწვდომობის საკითხი განიხილეს. აგრეთვე, ისაუბრეს თუ რა გამოწვევებს ხედავენ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპებზე რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

შეხვედრის მიმდინარეობისას პოლიციის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაუსვეს ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოძიების პარალელურად ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და მოძალადეებისთვის ძალადობრივი ქცევის კორექციის სავალდებულო კურსის გავლის აუცილებლობას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)