სიახლეები

ონლაინ შეხვედრა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები

2021 წლის 14 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ ონლაინ შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობაზე: არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე ისაუბრეს, განიხილეს შშმ პირთა მონაწილეობის წახალისებისა და უზრუნველყოფის გზები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფა შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. კონვენცია მოითხოვს შშმ პირთა ჩართულობას არა მარტო იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც სპეციფიკურად შშმ პირებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, არამედ იმ ნებისმიერ მეინსტრიმ პროცესებში, რომლებიც რაიმე ფორმით ახდენს ზეგავლენას შშმ პირებზე და მათ მდგომარეობაზე.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. კონვენციის მთავარი სლოგანი „არაფერი ჩვენს შესახებ, ჩვენს გარეშე“ ხშირ შემთხვევაში კვლავ განუხორციელებელია.

ჩვენი დისკუსია მიზნად ისახავს გამოავლინოს ქვეყანაში არსებული დამაბრკოლებელი გარემოებები და დასახოს მათი მოგვარების გზები, საფუძველი ჩაუყაროს ხარისხიანი და თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობის პრაქტიკას, რაც შშმ პირთა უფლებების სათანადოდ დაცვის აუცილებელი წინაპირობაა“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ღონისძიების გახსნისას.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი მაკა ფერაძე და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

შშმ პირთა მონაწილეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო ვალიკოვი, თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი კობა ნადირაძე, ფსიქიატრიული სერვისებით მოსარგებლეთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელის თავმჯდომარე ოლღა კალინა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ წარმომადგენელი მარი კორკოტაძე. მოდერაცია საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ გასწია.

შეხვედრასა და შემდგომ დისკუსიაში მონაწილოება მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)