სიახლეები

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის ეროვნული მექანიზმი

2015 წლის 5 მაისს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის პოპულარიზაციის, დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმის თაობაზე სახალხო დამცველის ხედვა წარმოადგინა.

წარმოდგენილი მოდელის თანახმად, მონიტორინგის მექანიზმი მოიცავს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს, ექსპერტთა ჯგუფს და სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტს.

საკონსულტაციო საბჭოს ძირითადი ფუნქცია იქნება კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით მონიტორინგის ეროვნული მექანიზმისთვის/საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის კონსულტაციების გაწევა, მონიტორინგის შინაარსის, სტრატეგიის, პრიორიტეტების, მეთოდოლოგიის და გეგმის განსაზღვრის კუთხით.

საბჭოს წევრები სახალხო დამცველს წარუდგენენ საკუთარ მოსაზრებებს მონიტორინგის ეროვნული მექანიზმის მიერ განსახორციელებელი აქტივობების გეგმის, სამუშაო მეთოდოლოგიის, თემატური კვლევების და სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტების შესახებ, ასევე მექანიზმის საქმიანობისათვის მნიშვნელოვან ნებისმიერ სხვა საკითხებზე.

საკონსულტაციო საბჭოში გაწევრიანდებიან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, შშმ პირები, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები და თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საბჭოს მოწვეული წევრობის კანდიდატებს, შშმ პირთა ორგანიზაციები გარკვეული კრიტერიუმების, ასევე გამოცდილების, რეპუტაციისა და მიუკერძოებლობის გათვალისწინებით წარუდგენენ სახალხო დამცველს. საბჭოს შემადგენლობა 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით განახლდება.

მონიტორინგის წარმართვისთვის მოხდება ასევე ექსპერტთა ჯგუფის შერჩევა, რომელთა ფუნქციაა მონიტორინგის საველე სამუშაოების, თემატური კვლევების განხორციელება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება. ექსპერტებს სახალხო დამცველის აპარატი საკონსულტაციო საბჭოს მონაწილეობით ღია კონკურსის წესით შეარჩევს.

პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე დამსწრეთ განსაკუთრებული ინტერესი საბჭოს დაკომპლექტების წესმა, კვოტირების სისტემამ და ექსპერტთა დაფინანსების საკითხებმა გამოიწვია.

სახალხო დამცველის აპარატი შშმ ორგანიზაციათა ჩართულობით დაიწყებს საკონსულტაციო საბჭოს დებულებაზე მუშაობას, ხოლო შშმ პირები, მათი წარმომადგენლები და თემაზე მომუშავე ორგანიზაციები სახალხო დამცველს საბჭოს წევრობის კანდიდატებს უახლესი ერთი თვის მანძილზე წარუდგენენ.

იხილეთ პრეზენტაციის ელექტრონული ვერსია


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)