სიახლეები

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის დისკუსია შშმ პირთა შრომისა და დასაქმების უფლებაზე

2021 წლის 22 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტში გამართულ დისკუსიას დაესწრო, რომელიც შშმ პირთა შრომისა და დასაქმების უფლებას ეძღვნებოდა და კომიტეტის 24-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა.

დისკუსია მიზნად ისახავდა კომიტეტის მიერ შშმ პირთა შრომის და დასაქმების უფლებაზე ზოგადი კომენტარის შემუშავებისთვის დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების გაზიარებას. ზოგადი კომენტარის მიზანი კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებისთვის სახელმძღვანელო მითითებების მიწოდებაა, რომელთა გათვალისწინება კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის, პატივისცემისა და სათანადო რეალიზებისთვისაა აუცილებელი.

„სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ზომები სრულად ვერ ითვალისწინებს შშმ პირთა დასაქმებისთვის აუცილებელ წინაპირობებს და ვერ უზრუნველყოფს მათ წინაშე დასაქმების უფლების მიმართულებით არსებული ბარიერების აღმოფხვრას. ფიზიკური გარემოს და ინფორმაციის მისაწვდომობის პრობლემა, შრომის ბაზარზე არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკები, განათლების უფლების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და სახელმწიფო უწყებების დაბალი ჩართულობა განაპირობებს შშმ პირთა შრომის უფლების არაეფექტურ განხორციელებას“- განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 15 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტს შშმ პირთა შრომის უფლებასა და დასაქმების მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე წერილობითი მოსაზრებაც გაუზიარა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)