სიახლეები

ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა გადამზადების პროცესი მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების შესახებ

2021 წლის 16 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, დაიწყო ტრენინგების სერია თემაზე: „ტექნიკური რეგლამენტი - მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“. ტრენინგი მიზნად ისახავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტებით განსაზღვრული საკითხების იმპლემენტაციისა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობის პროცესში ჩართული პირების გადამზადებას მისაწვდომობის საკითხებში.

მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვას ემსახურება 12 სატრენინგო სესია, რომლის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი არქიტექტურული და საზედამხედველო სამსახურის 300-მდე თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს, შშმ პირთათვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის საერთაშორისო და ადგილობრივ რეგულაციებს, ასევე ტექნიკური რეგლამენტის არსს, მნიშვნელობას, მისი დაცვისთვის აუცილებელ ტექნიკურ მახასიათებლებს.

ტრენინგების ციკლის პირველი სესია, 2021 წლის 16 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უფლებების პროექტის მენეჯერმა მარიამ თუთბერიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თათია ბერეკაშვილმა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა წარმართეს.

სახალხო დამცველის აპარატი იმედს გამოთქვამს, რომ ტრენინგები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტექნიკური რეგლამენტის - „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის“ პრაქტიკულ იმპლემენტაციას, შშმ პირთა მისაწვდომობის უფლებების სათანადო რეალიზებასა და მათთვის თანასწორი და ღირსეული გარემოს შექმნას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)