კვლევა დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) უფლებების შესახებ
კვლევის მიზანს წარმოადგენდა დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) უფლებების (ადეკვატური საცხოვრებელი პირობები, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას, გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ჯანდაცვაზე, განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა) განხორციელების კუთხით არსებული პრობლემების გამოვლენა. გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში – ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების მიმართ რელევანტური რეკომენდაციების შემუშავება.
მოეწყო ფოკუს-ჯგუფები გორის, წყალტუბოს, ფოთის, თელავის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დევნილი შშმ ქალების, ამ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შშმ პირთა კანონიერი წარმომადგენლების მონაწილეობით. გასვლითი შეხვედრა განხორციელდა ასევე მესტიის მუნიციპალიტეტში. გამოიკითხა 100 ბენეფიციარი.
კვლევის მეთოდოლოგია აერთიანებს სამართლებრივი კვლევისა და სოციალური კვლევის კომპონენტებს (რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა). კვლევის ფარგლებში განხორციელდა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი აღნიშნულ უფლებებთან კავშირში; ოფიციალური სახელმწიფო უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი. ასევე ამ უფლებების განხორციელების ემპირიული კვლევა ანკეტირების მეთოდითა და ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით.
ინფორმაციის ანალიზი განხორციელდა სტატისტიკური პროგრამის (SPSS 20) საშუალებით, აღწერითი და დასკვნითი სტატისტიკის ელემენტების გამოყენებით, როგორიცაა: სიხშირეთა განაწილება, არაპარამეტრული სტატისტიკური კრიტერიუმები, პირსონის კორელაციის კოეფიციენტი, კორელაციური და ფაქტორული ანალიზი.