სიახლეები

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

2019 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ვიტალი საფაროვის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ვინაიდან საქმეში მსჯელობა შეეხებოდა სავარაუდო სიძულვილის მოტივს, სახალხო დამცველმა, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმმა, წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, სადაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე იმსჯელა სიძულვილის მოტივის ინდიკატორებზე და სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მნიშვნელობაზე.

სახალხო დამცველმა მოსაზრებაში განმარტა, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონით აკრძალულ ქმედებას, რომელიც მოტივირებულია მსხვერპლის მიმართ გარკვეულ ნიშან-თვისებაზე დაფუძნებული წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობით. სახალხო დამცველმა ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ვალდებულებას, გაატაროს ყველა ღონისძიება, რათა გამოკვეთოს სისხლისსამართლებრივი დანაშაული ჩადენილი იყო თუ არა რასისტული მოტივით და დაადგინოს, მსხვერპლის ეთნიკურმა კუთვნილებამ ითამაშა თუ არა რაიმე როლი მოვლენების განვითარებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ვიტალი საფაროვის მკვლელობა არ ყოფილა ჩადენილი ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე სიძულვილის მოტივით, არამედ ადგილი ჰქონდა შელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტს, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და დასრულდა ეთნიკურად არაქართველის მკვლელობით. სახალხო დამცველმა შერეული მოტივის საკითხზე იმსჯელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული შესაძლოა მხოლოდ მსხვერპლის მახასიათებელს არ ეფუძნებოდეს. შესაძლებელია დამნაშავეებს ჰქონდეთ შერეული მოტივები, კერძოდ, ისინი იყვნენ კონკრეტული სიტუაციის გავლენის ქვეშ, ასევე, მოქმედებდნენ თავიანთი წინასწარი განწყობით იმ ჯგუფის მიმართ, რომელსაც მსხვერპლი მიეკუთვნება.1

რადგან პირველი ინსტანციის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ნაჩოვას საქმეს დაეყრდნო, სახალხო დამცველმა განმარტა, რომ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების თანახმად, როდესაც ძალის გამოყენება ხდება ეთნიკური უმცირესობის წინააღმდეგ და ჟღერდება რასისტული გამონათქვამები, ამ ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, რომ გამოიკვეთოს სავარაუდო სიძულვილის მოტივი და რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევა მე-2 მუხლთან (სიცოცხლის უფლება) ერთობლიობაში,2 რადგან სახელმწიფომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო დანაშაულის ჩადენის დროს წარმოთქმულ სიტყვებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სხვა ერების მიმართ ბრალდებულების არაკეთილგანწყობა არ წარმოადგენს მათი მხრიდან მკვლელობის ჩადენის დამადასტურებელ გარემოებას ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე, ხოლო მათი რელიგიური მრწამსი და შეხედულებები სასამართლო განხილვის საგანი არ არის. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის სტანდარტების თანახმად, სიძულვილის მოტივის გამოკვეთისას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამონათქვამებს და ბრალდებულთა პიროვნულ მახასიათებლებს. სიძულვილის მოტივის განსაზღვრისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყოველთვის იღებს მხედველობაში რასისტულ გამონათქვამებს და იმ ფაქტს, რომ თავდამსხმელები არიან ულტრა მემარჯვენე ორგანიზაციის წევრები, რაც, თავისი არსით, ექსტრემისტულ იდეოლოგიას წარმოადგენს.3

ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს მოუწოდა, შეაფასოს, თუ რამდენად იყო გამოკვეთილი სიძულვილის მოტივის ის ინდიკატორები, რაც დადგენილია საერთაშორისო სამართლით. კერძოდ, რამდენად მართებულად შეფასდა ბრალდებულების იდეოლოგიის და მათ მიერ გამოყენებული სიმბოლიკის მნიშვნელობა, ასევე, სიძულვილის მოტივის განსაზღვრისას, რა მნიშვნელობა ენიჭება დანაშაულის ჩადენის მომენტში წარმოთქმულ სიტყვებს.


1ECtHR, Skorjanec v. Croatia, no. 25536/14, 28/03/2017, § 55; Balazs v. Hungary, no. 15529/12, 20/10/2015, § 70

2ECtHR, Nachova and others v. Bulgaria [GC], nos. 43577/98, 43579/98, 06/07/2005, § 168

3ECtHR, Milanovic v. Serbia, no. 44614/07, 14/12/2010, § 98

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)