სიახლეები

თანასწორობის დეპარტამენტი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დასრულდა თანასწორობის დეპარტამენტის ფორმირების პროცესი. შეიქმნა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, კონკურსის წესით შეირჩა თანასწორობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტები და თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი.

სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ამოცანებია:

- საქართველოს სახალხო დამცველის ხელშეწყობა "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;

- საქართველოში თანასწორობის დაცვის სფეროში არსებული ეროვნული და საერთაშორისო აქტების შესრულების მონიტორინგის განხორციელება;

- რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის ხელშეწყობა;

- დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრაზე მონიტორინგის განხორციელება.

თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა მაკა გიოშვილი, რომელიც 2014 წლის 20 ნოემბრიდან შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას.

მაკა გიოშვილმა 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2007 წელს აქვს მიღებული მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართალში მონპელიეს უნივერსიტეტში.

2011 წელს აქვს მიღებული მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართალში სტრასბურგის უნივერსიტეტში.

წლების განმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებათა სფეროში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში „ააიპ კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სხვადასხვა დროს ეკავა პროექტის მენეჯერის, იურიდიული მრჩევლის, გამგეობის თავმჯდომარის, პროექტის კოორდინატორის პოზიციები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)