სიახლეები

თანასწორობის კვირეული

2021 წლის 15-24 ნოემბერს საქართველოში თანასწორობის კვირეული გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას თანასწორობის მნიშვნელობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. სახალხო დამცველის აპარატი უკვე მესამე წელია უერთდება თანასწორობის კვირეულს. ღონისძიების ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველომ და თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 30 საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თბილისისა და საქართველოს 5 რეგიონის (კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის) სტუდენტებთან, მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დისკრიმინაციის ფორმები, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები და უფლების დაცვის მექანიზმები გააცნეს. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების ენაზე ჩატარდა.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აგრძელებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)