სიახლეები

სახალხო დამცველმა სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნაზე უარი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციად შეაფასა

2021 წლის 9 ივლისს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში პოლიტიკური შეხედულების ნიშნით ასოციაციით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

განმცხადებელი 2014 წლის 15 ოქტომბრიდან მუშაობდა სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორად. 2020 წლის ოქტომბრის თვეში იგი განმეორებით აღარ დაინიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად და დირექტორის პოზიცია სხვა პირმა დაიკავა. იმავე პერიოდში მინისტრის მიერ იმავე მუნიციპალიტეტის არაერთი სკოლის დირექტორი დარჩა მოვალეობის შემსრულებლად, რომელთაგან ზოგს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების 12 წლიანი საერთო ვადა ამოწურულიც კი ჰქონდა.

განმცხადებლის მოსაზრებით, განათლების სამინისტროს უარი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე განპირობებული იყო მისი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი მეუღლისა და შვილის პოლიტიკური აქტივობით. სახალხო დამცველისთვის წარმოდგენილ კორესპონდენციებში სამინისტრო შემოიფარგლა ზოგადი ხასიათის ინფორმაციით და კონკრეტულად არ განუმარტავს, თუ რა გახდა განმცხადებლის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი, ასევე რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას.

პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხზე მსჯელობისას, განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზეც, რამდენადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს წინასაარჩევნო პერიოდში სკოლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. სახალხო დამცველის შეფასებით, საგანმანათლებლო სისტემის პოლიტიზებისა და პირთა შესაძლო დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების მომატებული რისკის გათვალისწინებით, ეჭვს იწვევს, რომ განმცხადებლის დაკავებულ თანამდებობაზე განმეორებით არდანიშვნა დროში დაემთხვა მეუღლისა და შვილის პოლიტიკურ აქტიურობას. ამასთან, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რეალური გამამართლებელი საფუძველი, რომელიც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე წარმოშობილი დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდს გააქარწყლებდა.

რეკომენდაციით სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუწოდა“

  • ხელახლა ჩაატაროს აღნიშნული საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი
  • დაუყოვნებლივ შეიმუშაოს განჭვრეტადი კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლების დირექტორების განმეორებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა-გათავისუფლების მიზანშეწონილობა განისაზღვრება
  • გადადგას ქმედითი ნაბიჯები საგანმანათლებლო დაწესებულებების დეპოლიტიზირების მიმართულებით

მომავალში თავი შეიკავოს შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობის განხორციელებისას იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპების უპირატესი დაცვით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)