სიახლეები

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება შრომით ურთიერთობებში ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაციის საკითხზე

2023 წლის 6 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარუდგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) სარჩელზე, რომელიც შრომით ურთიერთობაში ასაკის ნიშნით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთობლიობაში, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს ეხება.

მოსარჩელე დასაქმებული იყო შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო-სამაშველო სიტუაციების მართვის სამსახურში I სახანძრო-სამაშველო განყოფილების ოპერატორის თანამდებობაზე. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. თუმცა, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა წარმოადგინა შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის გამოვლენის ტესტი/სტანდარტები, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი; ასევე, ასახა ასაკის ნიშნით (ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთობლიობაში) განსხვავებული მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ინსტიტუტების პრაქტიკა და განსხვავება ისეთ შემთხვევებს შორის, როდესაც ასეთი მოპყრობა, ერთი მხრივ, გამართლებულია, მეორე მხრივ კი - დისკრიმინაციას წარმოადგენს. სახალხო დამცველმა ასევე წარმოადგინა განსაკუთრებული და დროებითი ღონისძიებების გამოყენების სტანდარტები.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია, დავის განმხილველმა სასამართლომ შეაფასოს, გამოყენებული იქნა თუ არა, ობიექტური გამართლების მქონე საფუძვლებზე დაყრდნობით, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად საჭირო ყველაზე ნაკლების ინტენსივობის ჩარევის მქონე საშუალებები, პროპორციულობის პრინციპის დაცვით; ამგვარი ასაკობრივი ზღვრის დაწესებით, სამუშაო ადგილზე რამდენადაა უზრუნველყოფილი ხანდაზმული მუშაკების პროფესიული ინტეგრაცია და პირიქით, საფრთხის წინაშე ხომ არ აყენებს მათი სტაბილური დასაქმების შესაძლებლობას, რაც, ასევე, დასაქმებულთა დაცვის მნიშვნელოვანი ელემენტია.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად არ ისახავს რომელიმე მხარის პოზიციის მხარდაჭერას და ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა სამართლის სტანდარტებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)