სიახლეები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესულების თაობაზე

2015 წლის 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა განიხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესრულებული რეკომენდაციების შესახებ ანგარიში შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ოქროპირიძემ წარმოადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია – გამოიძიოს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტები.

ანგარიშის თანახმად, შინაგან საქმეთასამინისტროს ყველა ქვედანაყოფს გაეგზავნა მინისტრის საინფორმაციო ხასიათის მითითება სახალხო დამცველის უფლებამოსილებების შესახებ. ამასთან, სარეკომენდაციო წერილი გაიცა იმ თანამშრომლის მიმართ, რომელმაც პირადად არ მისცა საშუალება საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს განეხორციელებინათ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაწილობრივ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია – საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლის უფლების შეზღუდვა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელდეს და ამჟამად, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში მზადდება საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შემდგომში პარლამენტს წარედგინება განსახილველად. შსს სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, პროექტის განხილვაში ჩართული იქნება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

დღემდე არ შესრულებულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია შსს გენერალური ინსპექციის დებულების იმ ნაწილისთვის, რომელიც გამოძიების წარმოების უფლებამოსილების განხორციელების წესს ადგენს, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნის (განსაიდუმლოების) შესახებ.





სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)