სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა მხარდამჭერის დანიშვნის არსებული პრაქტიკა დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია

2017 წლის 21 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ზოგადი წინადადებით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ მხარდამჭერის დანიშვნის საჭიროების სამედიცინო შეფასების და გადაწყვეტილების მიღების არსებული პრაქტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებელია.

სახალხო დამცველის წინაშე განმცხადებელი დავობდა, რომ ერთი მხრივ, მისი ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებისას, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მის მიმართ ბლანკეტური მიდგომა გამოიყენა და დასკვნაში მიუთითა, რომ მას მხარდამჭერი საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ესაჭიროებოდა, რაც მის საჭიროებებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მეორე მხრივ კი, სასამართლომ მხარდამჭერის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე მიიღო. განმცხადებელის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი წარმოადგენდა.

ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სავარაუდო მხარდამჭერის მიმღები პირისადმი ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია ფსიქოსოციალური საჭიროებების შესახებ დასკვნასთან ერთად, სასამართლო გადაწყვეტილებაშიც იყოს ნაჩვენები. სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რომ მხარდამჭერის დანიშვნისას, მხარდამჭერის მიმღები პირის ფსიქოსოციალურ საჭიროებებს ემყარება და გადაწყვეტილებას იღებს პირის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას საფრთხე, რომ მხარდამჭერის მოდელის ნაცვლად მოხდება ნების სრული ჩანაცვლების გამოყენება და პირის ნების ავტონომიაში მნიშვნელოვანი და გაუმართლებელი ჩარევა, რაც ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, მეორე მხრივ კი, საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებში დაადგინოს სტანდარტი, რომლის მიხედვით, სასამართლო ვალდებული იქნება მხარდასაჭერი სფეროები და ფარგლები განსაზღვროს პირის ინდივიდუალური ფსიქოსოციალური საჭიროებებიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე; ასევე, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოუწოდა, რომ ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებისას ინდივიდუალიზებული მიდგომა გამოიყენოს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხზე 2016 წელს სახალხო დამცველმა მოამზადა კვლევა „ქმედუნარიანობა-საკანონმდებლო რეფორმა იმპლემენტაციის გარეშე“.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)