სიახლეები

სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერის მიმართ, შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

2024 წლის 30 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შრომის პირობებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, კომპანიამ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა, თუმცა, საფუძვლად 2 კვირის განმავლობაში შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობა მიუთითა.

საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოების მიერ შემუშავებულ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე კურიერები, მიუხედავად „პარტნიორის“ სტატუსისა, კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და, შესაბამისად, მათ შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.

ამასთან, სახალხო დამცველს პრობლემურად მიაჩნია კომპანიის ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულს შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ კურიერის მიერ შრომითი მოვალეობები 2 კვირის განმავლობაში არ სრულდება. შესაბამისად, ხელშეკრულება დამსაქმებელს უფლებას აძლევს შრომითი ურთიერთობა შეუწყვიტოს ყველა იმ პირს, ვინც სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის პროტესტის გამო, უარს აცხადებს აპლიკაციის გამოყენებაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, ხელშეკრულების ამ ჩანაწერმა შესაძლოა, დისკრიმინაციული ზეგავლენა მოახდინოს კურიერებზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ გაცხადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი წინააღმდეგობაში მოდის თავად „ვოლტის“ პოზიციასთან, რომ კურიერების გრაფიკი თავისუფალია და მათ სურვილის მიხედვით შეუძლიათ განსაზღვრონ თავისი სამუშაო დრო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა - დაუყოვნებლივ აღუდგეს კურიერს აპლიკაციაზე წვდომა; მომავალში კი არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)