სიახლეები

სახალხო დამცველის შეხვედრა სტუდენტებთან

2024 წლის 5 აპრილს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათთან ადამიანის უფლებების არსისა და მნიშვნელობის, ასევე, აპარატის მანდატისა და როლის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ სახალხო დამცველის ინსტიტუტის ჩამოყალიბების ისტორიას, მოქალაქეთა მიღებისა და ინდივიდუალური საქმეების შესწავლის წესსა და პრაქტიკას, საგანმანათლებლო მანდატს და სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის ეროვნული მექანიზმის როლს.

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის შესწავლის მიზნით გამართული შეხვედრა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივითა და სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. მასში ასევე მონაწილეობდნენ მოქალაქეთა მომსახურებისა და პირველადი რეაგირების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის თანამშრომლები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)