სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნით, პატივს მივაგებთ და მოვიგონებთ ნაციზმის შედეგად დაღუპულ ექვს მილიონზე მეტ ებრაელსა და სხვა პირებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს თანაგრძნობას ამ საზარელი დანაშაულის მსხვერპლთა და მათი ახლობლების მიმართ.

ეს დღე შეგვახსენებს, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ეთნიკური კუთვნილების, რელიგიისა თუ სხვა განმასხვავებელი ნიშნების საფუძველზე წარმოშობილმა შეუწყნარებლობამ, შევიწროებამ, ძალადობამ, სიძულვილმა.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში კვლავ მყარად არის ფესვგადგმული განსხვავებულისადმი უარყოფითი სტერეოტიპების საფუძველზე ჩამოყალიბებული არასწორი და ნეგატიური წარმოდგენები. შედეგად, წლიდან წლამდე, სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება. სისტემურად მაღალია მომართვიანობა სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უშლის დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამების სიმრავლე. მათ შორის, გასულ წელს შესამჩნევი იყო ანტისემიტური მოსაზრებების გავრცელებაც, რამაც ჰოლოკოსტისა და მისი გამომწვევი წინაპირობების სათანადოდ გააზრების ნაკლებობა წარმოაჩინა.

როგორც ამ სიმბოლური თარიღის ფუძემდებელ გაეროს რეზოლუციაშია აღნიშნული, ჰოლოკოსტი, რომელსაც შედეგად ებრაელი ხალხის მესამედისა და სხვა უმცირესობების უამრავი წარმომადგენლის სიკვდილი მოჰყვა, სამუდამოდ შეგვახსენებს იმ საფრთხეებს, რომლებსაც სიძულვილი, რასიზმი და წინასწარშექმნილი უარყოფითი დამოკიდებულებები უკავშირდება.

ამგვარი ისტორიული რეალობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიუთითებს საზოგადოებას, რომ განსხვავებულისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება, თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და სტერეოტიპული განწყობების შემცირება დაგვეხმარება როგორც სხვადასხვა ჯგუფის თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფაში, ისე - მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)