სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები საირმის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ

2023 წლის 16 მარტს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ და კომპანიაში არსებულ ვითარებაზე მიიღეს ინფორმაცია.

ქარხნის თანამშრომლები გაფიცვის საფუძვლად - შრომის უსაფრთხოების პრობლემებს, მათ შორის, მოუწესრიგებელ დანადგარებს, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობას, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად პირობების არარსებობას ასახელებენ. გაფიცულებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბარში განაცხადეს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ პირობით წარმართავს, თუ პროცესში პროფკავშირი და მისი დირექტორი არ მიიღებენ მონაწილეობას. ასეთი დამოკიდებულება კი, გაფიცულთა მოსაზრებით, პროფკავშირის მიუღებლობასა და პროფკავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივზე მიუთითებს.

ქარხნის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ შრომის უფლების არაერთი არსებითი უფლებრივის რეალიზება სწორედ ა(ა)იპ „საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ დახმარებით მოახერხეს. შესაბამისად, სამართლებრივ საკითხებში არასაკმარისი ცოდნისა და კომპანიის წარმომადგენელთა მიმართ ნდობის ნაკლებობის გათვალისწინებით, გაფიცულები მოლაპარაკებების წარმართვას სწორედ, მხოლოდ პროფკავშირის მონაწილეობით აპირებენ, მითუმეტეს, რომ მოლაპარაკებებისა და მენეჯმენტთან შეთანხმების იმედი აქვთ, რადგან მათი უმთავრესი სურვილი სამუშაო ადგილზე დაბრუნება და საწარმოს გამართულ ფუნქციონირებაში თავიანთი წვლილის შეტანაა.

უნდა აღინიშნოს, რომ „საირმე მინერალ ვოთერსის“ მხრიდან დასაქმებულთა სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესასწავლად სახალხო დამცველის აპარატში უკვე მიმდინარეობს საქმისწარმოება. აპარატის მიერ ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ, დამსაქმებელმა გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლებს იანვრის თვის შრომის ანაზღაურება ჩაურიცხა. თუმცა, ამ ეტაპზე, გაფიცულები 13 თებერვლამდე (გაფიცვის დაწყების დღემდე) გაწეული შრომის ანაზღაურებას ელიან. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ დამსაქმებელი ხელფასის შესაბამის ნაწილს შეუფერხებლად გასცემს.

ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი შპს „საირმე მინერალ ვოთერსს“ მოუწოდებს, ხელშესახები ნაბიჯები გადადგას, დასაქმებულებისთვის მისაღები ფორმით, შეთანხმების მიღწევისათვის. თავის მხრივ, სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს საქმის შესწავლას და მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)