სახალხო დამცველი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის კომიტეტის წევრებს შეხვდა
2021 წლის 1 ივლისს სახალხო დამცველი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის კომიტეტის წევრს კრისტოფ ლაკრუას და კომიტეტის მდივანს ჯორჯო ლოდოს შეხვდა. მათი ვიზიტი საქართველოში ლგბტ+ თემის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცის მიღებას ისახავდა მიზნად.
შეხვედრისას სახალხო დამცველმა ლგბტ+ ადამიანების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის შემთხვევები მიმოიხილა და იმ დაბრკოლებებზე ისაუბრა, რომელსაც თემის წევრები სამოქალაქო, პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური უფლებებით სარგებლობისას აწყდებიან. საუბარი შეეხო ასევე 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის ჩატარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
მიღებული ინფორმაცია საფუძვლად დაედება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლგბტ+ თემის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ევროსაბჭოს ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც სახელმწიფოებს თემის უფლებების დაცვისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ.