სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ N9

2024 წლის 22 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-9 ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშში მიმოხილულია 2023 წლის განმავლობაში თანასწორობის უფლების რეალიზების მხრივ არსებული დაბრკოლებები, რომელსაც ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ლგბტიქ+ თემის წევრები და სხვა დაუცველი ჯგუფები სხვადასხვა სფეროში აწყდებოდნენ. ანგარიში, ასევე, მოიცავს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ თანასწორობის უფლების დაცვის მიზნით გაწეულ სამუშაოს და ინფორმაციას სახალხო დამცველის გადაწყვეტილებების თაობაზე.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 122 ფაქტი შეისწავლა. განცხადებათა პროცენტული რაოდენობა სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნების მიხედვით შემდეგნაირად დაჯგუფდა:

  • სქესის/გენდერის ნიშნით - 17%;
  • განსხვავებული მოსაზრების ნიშნით - 16%;
  • ეროვნების/მოქალაქეობის ნიშნით - 8%;
  • შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით - 7%;
  • პოლიტიკური შეხედულების ნიშნით - 6%;
  • რელიგიის ნიშნით - 5%;
  • ასაკი - 4%;
  • სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით 4%;
  • პროფესიული კავშირის კუთვნილების ნიშანით - 2%;
  • სხვა ნიშნების საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობა ამ საანგარიშო პერიოდშიც აქტუალური იყო და განცხადებების ყველაზე მეტი - 31% შეადგინა.

2023 წელს სახალხო დამცველმა თანასწორობის საკითხებზე 5 რეკომენდაცია, 2 ზოგადი წინადადება და 3 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მოამზადა. 6 საქმესთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დისკრიმინაციული მოპყრობა ვერ დადგინდა, სახალხო დამცველმა საჭიროდ ჩათვალა მოპასუხეებისთვის თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებული რიგი საკითხების განმარტება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)