სიახლეები

სახალხო დამცველმა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება დაადგინა

2022 წლის 29 აგვისტოს სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და შემავიწროებელსა და დამსაქმებელ შპს სს „სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერული ჯგუფის - ემ გრუპის“ გენერალურ დირექტორს რეკომენდაციით მიმართა.

კომპანიის მენეჯერი სექსუალური შინაარსის ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა თავის ახლად დასაქმებულ თანამშრომელს, რაც განმცხადებლისთვის არასასურველი და მტრული გარემოს შემქმნელი იყო. გარკვეული პერიოდის შემდგომ, მოპასუხემ შეწყვიტა შეტყობინებების გაგზავნა და თავისი ქცევა ხუმრობად წარმოაჩინა.

საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ კომპანიის მენეჯერის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროებას. სახალხო დამცველმა მოპასუხეს განუმარტა, რომ სექსუალური ხასიათის ქცევის შეწყვეტა არ წარმოადგენს სექსუალური შევიწროების გამომრიცხავ გარემოებას, ამასთან, ხუმრობაც, თუკი იგი სექსუალური შინაარსის შემცველი და ადრესატისთვის მიუღებელია, სექსუალურ შევიწროების გამოხატულებას წარმოადგენს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველმა დამსაქმებელი კომპანიის რეაგირების ეფექტიანობაც შეაფასა და მიიჩნია, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო დასაქმებულის უფლებების სათანადო დაცვა. სახალხო დამცველმა, ერთი მხრივ, შემავიწროებელს მოუწოდა - სამუშაო ადგილზე თუ სხვა სფეროში, აღარ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ადამიანებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო, ხოლო მეორე მხრივ, სს „სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერულ ჯგუფს - ემ გრუპს“ მიმართა, მომავალში ეფექტიანად შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევები, რათა კომპანიაში სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის მიზნით არსებულ შიდა რეგულაციებს ფორმალური ხასიათი არ ჰქონდეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)