შშმ პირთა მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებში, დროებით მოთავსების იზოლატორებსა და არანებაყოფლობით ფსიქიატრიული მკურნალობის დაწესებულებაში
პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში 2013 წლის 21 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა მონიტორინგი, რომლის მიზანი იყო გაერთიანებული ერების წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციით (UN CAT) სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი სასჯელაღსრულების სისტემაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებასა და დროებით მოთავსების იზოლატორში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით. პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობა, აღნიშნული კუთხით, პირველად განხორციელდა საქართველოში. ეს ანგარიში განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის (UNCRPD) რატიფიცირების ფონზე. წინამდებარე თავი შეიცავს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს და რეკომენდაციებს.