შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებში, არანებაყოფლობითი და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწესებულებაში - რეკომენდაციების შესრულების ანალიზი
ანგარიშში ასახულია 2014 წლის 4-12 დეკემბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და შპს „აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ განხორციელებული ვიზიტები, რომელთა მიზანი იყო 2014 წლის 21 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე პენიტენციურ დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწესებულებაში შშმ პირთა მდგომარეობის მონიტორინგის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემოწმება.
ვიზიტების შედეგად დადგინდა, რომ მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ცვლილებებისა, სამწუხაროდ, რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეიმჩნევა და მთელ რიგ რეკომენდაციებთან მიმართებით არცერთი ღონისძიება არ გატარებულა.
მართალია, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ხანგრძლივი მოვლის განყოფილება გაიხსნა; თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვლავ რჩებიან ფიზიკური და მენტალური შეზღუდვის მქონე პატიმრები, ხოლო თავის მხრივ, მითითებულ განყოფილებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმართა საჭიროებები სრულად დაკმაყოფილებული არ არის.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის აზრით, მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შესრულდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტსა და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმაში გაწერილი ღონისძიებები, რათა პენიტენციურ სისტემაში და სხვა დახურულ დაწესებულებებში პაციენტებს მიეწოდოთ ეროვნული ანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფსიქიატრიული სერვისები.