პრევენციის ეროვნული მექანიზმის კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი N8
N8 ბიულეტენში წარმოგიდგენთ ინფორმაციას პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ ზამთრის პერიოდში განხორციელებული აქტივობების შესახებ.
2016 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს 2016 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარვუდგინე.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში ჩატარდა სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებისათვის. ასევე გაიმართა პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა.
ამავე პერიოდში ჩატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და პოლიციის სამმართველოების მონიტორინგი. გაიმართა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების შეხვედრა აჭარის რეგიონში მომუშავე ადვოკატებთან. განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებებში.
ბიულეტენში გაეცნობით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას. მიიღებთ ინფორმაციას 2016 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ. საკანონმდებლო სიახლეების თავში გაეცნობით ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი და 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვმა დატოვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, მიეცემა უფლება, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბიულეტენი აგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვას და გთავაზობთ ქვეთავს სახელწოდებით, „პატიმართა შემოწმების პროცედურები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“.
ნომრის ფოკუსს წარმოადგენს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. აღნიშნული პერიოდი გამოირჩეოდა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების სწავლების კუთხით. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა სემინარი პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყვლადი ჯგუფების უფლებების მონიტორინგის პრაქტიკული სახელმძღვანელოს შესახებ.
ბიულეტენში იხილავთ ჟენევაში გამართული „ჟან-ჟაკ გოტიეს სიმპოზიუმის“ შემაჯამებელ ანგარიშს, სადაც წარმოდგენილია საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის გამოცდილება მედიკამენტების ზედოზირების საკითხთან დაკავშირებით.
ასევე გაეცნობით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრის მაია გედევანიშვილის მოსაზრებებს მცირე საოჯახო სახლებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.