სახალხო დამცველმა გეგუთის #14 დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაიწყო
სახალხო დამცველის აპარატმა გეგუთის #14 დაწესებულებაში მსჯავრდებულის, ა.მ.-ს გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაიწყო. სახალხო დამცველის რწმუნებულები პირადად შეხვდნენ და გაესაუბრნენ გარდაცვლილის თანასაკნელებსა და ციხის ადმინისტრაციას. მსჯავრდებულების ინფორმაციით, ა.მ. გარდაცვლილი 24 მარტს, დილით ადრე, მისმა თანასაკნელმა იპოვა, რის შემდეგაც მან მორიგე ინსპექტორს დაუძახა. გვამის აღმოჩენისას პატიმარი სავარაუდოდ უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო. პატიმრების ინფორმაციით გარდაცვლილს არც ციხის ადმინისტრაციასთან და არც სხვა მსჯავრდებულებთან კონფლიქტი არ ჰქონია. ა.მ-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზაც, რომლის შედეგებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სახალხო დამცველი ყურადღებით დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობის პროცესს, დასრულებისთანავე გაეცნობა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას და შედეგების შესაბამისად მოახდენს სათანადო რეაგირებას.