სიახლეები

სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაბრკოლებები შეუქმნეს

სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებებთან დაკავშირებით, უჩა ნანუაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

2014 წლის 8 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წინადადებით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს. წინადადებაში დეტალურად იყო აღწერილი სახალხო დამცველის რწმუნებულთა საქმიანობისათვის ხელის შეშლის არაერთი ფაქტი. ერთ-ერთ შემთხევის დროს, სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში, რწმუნებულებს დაწესებულების თანამშრომელმა აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით მოუწოდა საგამოძიებო ოთახში შესულიყვნენ. რწმუნებულები დაძაბულობის განმუხტვის მიზნით შევიდნენ საგამოძიებო ოთახში და შეეცადნენ ვითარებაში გარკვევას. ზემოხსენებულმა თანამშრომელმა არ ისურვა მათთან საუბარი და კარი გარედან ჩაუკეტა. ამავე დაწესებულებაში, სახალხო დამცველის წარმომადგენელს საჩივრების ყუთზე არსებული ლუქის თარიღისა და მთლიანობის შემოწმების საშუალება არ მისცეს.

იყო შემთხვევებში, როდესაც სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ აძლევდნენ უფლებას დაუყოვნებლივ ენახათ პატიმარი საკანში, ასევე მე-7 და მე-15 დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლისას, მათ დაჟინებით სთხოვდნენ მაჯის საათების დატოვებას, რომელიც სამუშაო პროცესში სჭირდებოდათ.

სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული ფაქტები წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულთა საქმიანობისათვის დაბრკოლების შექმნას, რაც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. შესაბამისად, აუცილებელია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ზომები გაატაროს.


იხილეთ პრესკონფერენციის ვიდეოვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)