სიახლეები

სახალხო დამცველის ოფიციალური ვიზიტი ესპანეთში

2014 წლის 10–13 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი, მართლმსაჯულების და პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის ქალაქ მადრიდში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი ესპანეთის ომბუდსმენის საქმიანობის და წარმატებული გამოცდილების გაცნობა და გაზიარება იყო. შეხვედრები შედგა ესპანეთის სახალხო დამცველთან ქალბატონ სოლედად ბეჩერილთან. სამუშაო შეხვედრები გაიმართა ესპანეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმის, მიგრაციისა და ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის, ასევე, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან.

დელეგაციის მონაწილეები, ესპანეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის წევრებთან ერთად ეწვივნენ მადრიდის პოლიციის განყოფილებას და ადგილზე გაეცნენ დაკავების პირობებს, გაესაუბრნენ დაკავებულებს, დაათვალიერეს პოლიციის განყოფილებაში/დაკავების ცენტრში დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერები, რომელიც სრულად ასახავს დაკავებულთა პოლიციის განყოფილებაში შემოყვანის და განთავსების პროცესს. ესპანეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის წევრების განცხადებით, მსგავსი ვიდეო ჩანაწერები მათთვის ყველა პოლიციის განყოფილებაში ხელმისაწვდომია და წარმოადგენს, როგორც არასათანადო მოპყრობის ასევე, სამართალდამცავების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდების პრევენციის ეფექტურ საშუალებას.

საქართველოს სახალხო დამცველის დელეგაციის წევრები გაეცნენ ესპანელი კოლეგებისა და ესპანეთის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის საკითხებს, საპარლამენტო და სპეციალური ანგარიშების მომზადების და ესპანეთის სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების პრაქტიკას.

ესპანეთში, ომბუდსმენი ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი და ძლიერი კონსტიტუციური მექანიზმია, რომელიც უკვე 30 წელია არსებობს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)