სიახლეები

სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს ქმნის

საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, პრევენციის ეროვნულ მექანიზმს საკონსულტაციო საბჭო ეყოლება. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სახალხო დამცველი, სახალხო დამცველის მოადგილე, სახალხო დამცველის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტებისა და ცენტრების ხელმძღვანელები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, წამების პრევენციის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ნინო მახაშივილი, გივი მიქანაძე, მარინა კვაჭაძე, ცირა ჭანტურია, თამარ გვარამაძე და ანა არგანაშვილი.

საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზანია წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტიანი საქმიანობის ხელშეწყობა. საბჭოს წევრები სახალხო დამცველს წარუდგენენ საკუთარ მოსაზრებებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განსახორციელებელი აქტივობების გეგმის, სამუშაო მეთოდოლოგიის, თემატური კვლევების, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების პროფესიული სწავლების და პრევენციის ეროვნული მექანიზმის სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტების შესახებ, ასევე მექანიზმის საქმიანობისათვის მნიშვნელოვან ნებისმიერ სხვა საკითხებზე. საბჭოს მოწვეული წევრები ხელს შეუწყობენ პრევენციის ეროვნულ მექანიზმს აკადემიურ წრეებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერებაში. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საკონსულტაციო საბჭო სხვადასხვა ქვეყნებში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პრევენციის ეროვნული მექანიზმის უფრო ეფექტიან საქმიანობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)