სამუშაო შეხვედრა/სემინარი ფსიქიატრიული დაწესებულებების წარმომადგენლებთან
2022 წლის 3-4 ნოემბერს, ბაკურიანში, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ფსიქიატრიული დაწესებულებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა/სემინარი გამართეს, რომელზეც ფსიქიატრიული დაწესებულებების პრობლემებზე იმსჯელეს.
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სემინარის მონაწილეებს სახალხო დამცველის მანდატი, პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა და სახალხო დამცველის მიერ ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს.
შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განხორციელების მონიტორინგზე და ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლებასთან დაკავშირებით არსებული გაეროს კონვენციის სტანდარტზე ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიებზე შეხვედრის მონაწილეებმა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელეს და ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს.
ღონისძიება „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის საგრანტო შეთანხმების USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის“ მხარდაჭერით განხორციელდა.