სიახლეები

სახალხო დამცველის ანგარიში სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების მონიტორინგის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფის წევრებმა 2023 წლის 24 მარტს და ასევე 2023 წლის 1-2 მაისს, მონიტორინგის ვიზიტები განახორციელეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში. მონიტორინგის მიზანს ქალი პატიმრების მიმართ მოპყრობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა და წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების შეფასება წარმოადგენდა.

დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ N5 დაწესებულებაში დაცულია სისუფთავე, საკნები უზრუნველყოფილია ინვენტარით, სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური განათებით, ასევე ცენტრალური გათბობის სისტემებით. საკნებში დაცულია მინიმალურ ფართთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კლიმატური პირობების გათვალისწინებით, გამოწვევად რჩება დაწესებულებაში სათანადო ხელოვნური ვენტილაციის უზრუნველყოფა და უწყვეტი წყალმომარაგება.

N5 დაწესებულებაში, სხვა პენიტენციურ დაწესებულებებთან შედარებით, მეტი სარეაბილიტაციო აქტივობა ხორციელდება. ასევე, მიმდინარეობს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესი. მიუხედავად ამისა, N5 დაწესებულებაში კვლავ არ არის საკმარისი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის სათანადოდ უზრუნველსაყოფად.

მონიტორინგის ვიზიტებისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს არ მიუღიათ ინფორმაცია დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის შესახებ. ჯგუფმა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში მიიღო ინფორმაცია პატიმრების მიმართ უხეში მიმართვის ცალკეული ფაქტების შესახებ. ასევე, გაირკვა, რომ N5 დაწესებულებაში პერიოდულად ადგილი აქვს პატიმართა შორის კონფლიქტის შემთხვევებს.

აღსანიშნავია, რომ დაწესებულებაში სათანადოდ არ ხდება პატიმართა ინფორმირება უფლება-მოვალეობების შესახებ. როგორც ქართულად მოსაუბრე, ასევე უცხოენოვან პატიმრებს ხელი არ მიუწვდებათ განახლებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებზე. პატიმართა უმრავლესობა დაწესებულებიდან საჩივრის გაგზავნისგან თავს იკავებს და ცდილობს საკითხის მოსაგვარებლად თანამშრომლებთან დაამყაროს კარგი ურთიერთობები ან დასახმარებლად ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პატიმრებს მიმართოს.

სამედიცინო მომსახურების საკითხის შემოწმებისას დადგინდა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტი ერთ თვეზე მეტი ელოდა სპეციალისტის კონსულტაციას. კვლავ პრობლემას წარმოადგენს გეგმიური სამედიცინო მომსახურების მისაღებად სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში პაციენტთა დროული გადაყვანა. ფსიქიატრიული დახმარება არ ატარებს ბიო-ფსიქო-სოციალურ ხასიათს. ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგს არ აქვს რეგულარული ხასიათი და ის მხოლოდ დაწესებულებაში პატიმრების პირველადი მოთავსებისას, ერთჯერადად ტარდება. ადრეულ დიაგნოსტიკას და პრევენციული მიდგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროული გამოვლენისა და მართვისთვის.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებს სათანადო ყურადღება დაეთმობა და შესაბამისი ზომების მიღებით, N5 დაწესებულებაში ქალ პატიმართა მდგომარეობა გაუმჯობესდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)