საგანგებო მონიტორინგის ვიზიტის ფარგლებში წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატში
2021 წლის 17 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოში პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაცია საქართველოს საგანგებო მონიტორინგის ვიზიტით თავის ისტორიაში მეორედ ესტუმრა. პირველი მსგავსი ვიზიტი 2012 წელს ე.წ. „ციხის კადრების“ გავრცელების შემდეგ განხორციელდა. ბოლო პერიოდში, სახალხო დამცველმა არაერთი შემაშფოთებელი მიმართვა გაუგზავნა წამების პრევენციის კომიტეტს (CPT), პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათ შორის, მიაწოდა ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის შექმნილ დაბრკოლებებზე. სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება CPT-ის დაინტერესებას და მადლობას უხდის სწრაფი და დროული გამოხმაურებისთვის.
აღსანიშნავია, რომ წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა 2018 წელს განხორციელებული პერიოდული ვიზიტის შემდგომ ანგარიშში, სხვა არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობის პრობლემაზე, რაც ბოლო წლებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის შესწავლის საგანს წარმოადგენს. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სახალხო დამცველის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მხრიდან აგრესია მოჰყვა. ამგვარი რეაქციის შემდეგ, სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგი არამარტო უკიდურესად რთული, არამედ საფრთხის შემცველიც გახდა. დაწესებულებების ადმინისტრაციისა და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმას, მუქარას და აგრესიას. ამგვარი ქმედების აშკარა მიზანს კი მათთვის პატიმრებთან კონფიდენციალური გასაუბრების შესაძლებლობის არმიცემა და მონიტორინგის პროცესის ხელშეშლა წარმოადგენდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციას წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტს.
შეხვედრის ფარგლებში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა კომიტეტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს პენიტენციურ სისტემაში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესახებ. განიხილეს სხვადასხვა პრობლემის დაუყონებლივ მოგვარების აუცილებლობა და სხვა რელევანტური საკითხები.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) ვიზიტის შემდეგ მოამზადებს ანგარიშს, სადაც დეტალურად იქნება განხილული პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო რეკომენდაციები და განახორციელებს მისი მანდატის შესაბამის ზედამხედველობას პატიმართა უფლებების გაუმჯობესების მიზნით საქართველოში.