სიახლეები

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია

2017 წლის 26 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში წარუდგინა. ღონისძიება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის 26 ივნისს აღინიშნება.

ანგარიში მიმოიხილავს დახურული ტიპის დაწესებულებებში, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში, შშმ პირთა პანსიონატებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას და ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს.

ანგარიშში პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით ხაზგასმულია, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისათვის აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომლის შესახებაც საქართველოს სახალხო დამცველი მანამდეც არაერთხელ საუბრობდა თავის რეკომენდაციებში. კვლავ გამოწვევად რჩება დინამიკური უსაფრთხოების პრაქტიკაში დანერგვა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე მიმართული სისტემის შექმნა. ანგარიშში აღნიშნულია ის პრობლემები, რაც დაკავშირებულია პატიმართა შორის ძალადობასთან, კრიმინალურ სუბკულტურასთან, პატიმართა მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობასთან, უსაფრთხოებასთან, პენიტენციური დაწესებულებების პერსონალის გადამზადებასთან, ციხეებში არსებულ ფიზიკურ გარემოსთან, სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან, დისციპლინურ სახდელებთან და გარე სამყაროსთან სათანადო კონტაქტის შენარჩუნებასთან.

სამწუხაროდ, კვლავ შენარჩუნებულია წინა წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოვლენილი უარყოფითი ტენდენციები. არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის კუთხით პრობლემად რჩება დაკავების დროს ძალის გადამეტება, დაკავების შემდგომი ძალადობა, პროცედურული უფლებების უგულვებელყოფა, დოკუმენტაციის არასრულფასოვნად წარმოება, ადვოკატის ხელმიუწვდომლობა, დაკავებულის უფლებების შესახებ ინფორმირების საკითხი, სამედიცინო შემოწმებისას კონფიდენციალურობის პრინციპის დარღვევა და პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების არაეფექტიანი გამოძიება.

ევროკავშირიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების მონიტორინგთან დაკავშირებით სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ფრენის პროცესმა ყველა შემთხვევაში მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა დაფიქსირდა რიგი ხარვეზები დასაბრუნებელ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ესკორტის წევრი ექიმისთვის მიწოდების და დაბრუნების პროცესში ოჯახთან და ახლობლებთან სატელეფონო კონტაქტის უზრუნველყოფის კუთხით.

შშმ პირთა პანსიონატების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობა, ფსიქო-სოციალური სერვისებისა და პროფესიული კადრების ნაკლებობა და დაბალი პროფესიონალიზმი არსებით გამოწვევებს ქმნის შშმ პირთათვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისის შეთავაზების თვალსაზრისით.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში ასევე დეტალურად აღწერს, თუ რა ღონისძიებები გატარდა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის, სამუშაო მეთოდოლოგიის გაუმჯობესების, თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

22.06.17
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)