განგრძობადი სწავლება პრევენციის ეროვნული მექანიზმის სამუშაო მეთოდების შესახებ
2024 წლის 17-19 ივლისს, ევროკავშირის პროექტის - „საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა“ ორგანიზებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა ტრეინინგი პრევენციის ეროვნული მექანიზმის სამუშაო მეთოდების შესახებ.
შეხვედრებზე სამუშაო მეთოდოლოგია, არსებული გამოწვევები და მათთან გამკლავების გზები განიხილეს. ტრეინინგს საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტისა და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის წევრი ვიქტორ ზახარია უძღვებოდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს 2024 წლის 16 ივლისს 15 წელი შეუსრულდა. 2009 წლის 16 ივლისს „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს. ამ მიზნით საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილია სპეციალური პრევენციული ჯგუფი, რომლის საქმიანობასაც კოორდინაციას უწევს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტი. პრევენციის ეროვნული მექანიზმი რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა მდგომარეობას, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით. 2009-2023 წლებში პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა 2045 პრევენციული ვიზიტი განახორციელა. პრევენციული ვიზიტების შედეგები ასახულია, როგორც ვიზიტის შემდგომ, ასევე სპეციალურ და წლიურ ანგარიშებში. აღნიშნულ ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, პრევენციის ეროვნული მექანიზმი აწარმოებს კონსტრუქციულ დიალოგს დაინტერესებულ მხარეებთან და გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის შესაბამისად, თანამშრომლობს გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტთან, რომელიც დადებითად აფასებს მექანიზმის საქმიანობას საქართველოში. კერძოდ, 2023 წელს, საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ პრეს რელიზში ნათქვამია, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმი სისტემატიურად და პროფესიონალურად ახორციელებს მონიტორინგს თავისუფლების აღკვეთისა და სხვაგვარად შეზღუდვის ადგილებში.