სიახლეები

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

2014 წლის 21 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქისტაურის, მატანის და ოჟიოს საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისათვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური ღონისძიებების განხორცილების რეკომენდაციით მიმართა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

საბავშვო ბაღებში არ არის შექმნილი უსაფრთხო ფიზიკური გარემო, არ არის სათანადოდ დაცული სანიტარულ–ჰიგიენური და კვების ორგანიზაციული წესები, ხელმიუწვდომელია ადრეული და სკოლამდელი განათლების უფლება, არ არის საკმარისი და შესაბამისი სასწავლო–სააღმზრდელო ინვენტარი და ა.შ.

საბავშვო ბაღების შენობები არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების/სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის, ეზოები და სათამაშო მოედნები არაკეთილსაიმედოა უსაფრთხოების თვალსაზრისით; არ არის მუდმივი წყალმომარაგების, სავენტილაციო, გათბობის ცენტრალური სისტემები და წყლის რეზერვუარები. ბავშვთა ძირითადი განთავსების ოთახებში შეშის ღუმელები დგას, რომლებიც არ იხურება ჰერმეტულად და არ არის შემოსაზღვრული.

ოჟიოსა და მატანის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისათვის არ არის სააბაზანო და საპირფარეშო; არ არის სამრეცხაო ოთახი და ექთნის კაბინეტი.

აღნიშნულ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არ ხორციელდება ბავშვთა ძალადობისგან დაცვისა და მიმართვიანობის პროცედურები.

ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტები ავალდებულებს სახელმწიფოს, ერთი მხრივ, პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, უზრუნველყოს ქვეყანაში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირება, ხელი შეუწყოს აღსაზრდელთათვის უსაფრთხო და სათანადო ფიზიკური გარემოს შექმნას, ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უფლების იმპლემენტაციას, ხოლო მეორე მხრივ, ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, არ მოახდინოს არამართლზომიერი და უკანონო ჩარევა დაცული სფეროს ამ ნაწილში.

სახალხო დამცველმა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსთხოვა, გამოყოს დამატებითი ფინანსური რესურსები სოფელ ქისტაურის N1, სოფელ მატანის N1 და სოფელ ოჟიოს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის ადრეული და სკოლამდელი განათლების მიღების უფლების, უსაფრთხო და ადაპტირებული ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის, სათანადო სანიტარულ–ჰიგიენური და კვების ორგანიზაციული წესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)