სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება შშმ ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების დაცვის ცენტრში 2014 წლის 16 ოქტომბრიდან მიმდინარეობს საქმისწარმოება თბილისის ერთ–ერთ კერძო სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში შშმ სტატუსის მქონე აღსაზრდელის მიმართ სავარაუდო ძალადობის (ცემის) შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს მთავარი პროკურატურიდან და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საქმის შესწავლისათვის საჭირო დოკუმენტაცია გამოითხოვა. დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, სახალხო დამცველის რწმუნებულები სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში შეხვდნენ ბავშვის აღმზრდელ–პედაგოგებს, ხოლო სახალხო დამცველის ოფისში უჩა ნანუაშვილი პირადად შეხვდა ბავშვის დედას.

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის (ცემა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაიკითხნენ მოწმეები, დაინიშნა და ჩატარდა ტრასოლოგიური და სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზები, თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ დაწყებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის – დედის განცხადებით, საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ მომხდარა ფსიქოლოგის ჩართვა. ასევე, გაჭიანურდა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გონივრულ ვადაში წარმართონ გამოძიება და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა თავიდან იქნეს აცილებული გამოძიების გაჭიანურება და დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად, საქმისწარმოების ყოველ ეტაპზე დაცული უნდა იქნეს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, ძალადობის მსხვერპლის ჭეშმარიტი ინტერესები.

სახალხო დამცველი აგრძელებს საქმის შესწავლას და დაკვირვებას გამოძიების მიმდინარეობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)