სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის საკითხის მედიაში გაშუქების ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ს გადაცემა „პროფილის“ ტელე-ანონსში ბავშვთა თვითმკვლელობის შემთხვევებისა და თვითმკვლელობის რისკის მქონე არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტების გაშუქების დროს აუცილებელია შესაბამისი საერთაშორისო ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების დაცვა.

დასახელებულ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა სუიციდის მედიაში გაშუქების მეთოდები ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის (CRC) მე–3 და მე–17 მუხლებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა საფუძველზეც აღიარებულია ბავშვთა უფლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური, სოციალური თუ სხვა ტიპის განვითარებისათვის საზიანო ინფორმაციისაგან დაცვის უფლება.

ბავშვთა თვითმკვლელობის შემთხვევათა გაშუქების პრობლემებს ეხმიანება, ასევე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2015 წლის მედიამონიტორინგის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, სატელევიზიო ეთერში ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების პრობლემურ მიმართულებებს შორის არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტების გაშუქების საკითხებიც მოიაზრება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–8 პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობამიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არგამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ანრეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, ბავშვთა თვითმკვლელობის ფაქტები უნდა გაშუქდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, იმგვარად, რომ გაშუქების პროცესში შეუძლებელი იყოს გარდაცვლილის იდენტიფიცირება მისი პატივისა და ღირსების დაცვის მიზნით.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი აღნიშნავს მედიის როლს ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში და განმარტავს, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქების ფორმას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება. რიგ შემთხვევებში მედიამ შეიძლება ხელი შეუწყოს, გაზარდოს სტერეოტიპული დამოკიდებულებები კონკრეტული საკითხების მიმართ და უარყოფითი გავლენა მოახდინოს საზოგადოების შეხედულებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ თავად არ დაარღვიოს ბავშვის უფლებები. [1]

ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებს ეხმიანება საერთაშორისო კვლევები, რომელთა მიხედვითაც, თვითმკვლელობის შემთხვევების მედიაში გაშუქება ძლიერ ზემოქმედებას ახდენს თვითმკვლელობის რისკის მქონე ბავშვთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. უფრო მეტიც, თვითმკვლელობის შემთხვევების არაეთიკურმა გაშუქებამ, შესაძლოა, ე.წ. გადამდები ეფექტი იქონიოს არასრულწლოვნებში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემა „პროფილს“, თავი შეიკავოს ბავშვთა თვითმკვლელობის ამ ფორმით გაშუქებისგან, გაითვალისწინოს საკითხის მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესი, მისი კომპლექსური ხასიათი და შესაძლო უკუეფექტის ფაქტორი.

სახალხო დამცველი ასევე, მიმართავს, სხვა მედია საშუალებებს, უზრუნველყონ სატელევიზიო ეთერში ბავშვთა თვითმკვლელობის შემთხვევებისა და თვითმკვლელობის რისკის მქონე არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქება შესაბამისი ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების დაცვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის აუცილებელი გათვალისწინებით, ამასთან, არასრულწლოვანის პირდაპირი თუ ირიბი იდენტიფიცირებისა და თვითმკვლელობის ხერხების აღწერის გარეშე.


[1] იხ. დოკუმენტი - „The child and the media“

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)