საქართველოს სახალხო დამცველმა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მოიწვია
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოწვევის წერილი გაუგზავნა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ქალბატონ მარტა სანტოს პაისს. მოწვევის მიზანია ბავშვთა მიმართ ძალადობის ინდივიდუალური შემთხვევებისა და უფრო ფართო, სისტემური ხასიათის დარღვევების გარემოებათა შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და რეაგირების ქმედითი მექანიზმების იდენტიფიცირება.
მოწვევის წერილში განხილულია ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები, ასევე მისი გამომწვევი, როგორებიცაა საზოგადოების აზრი იმის შესახებ, რომ ძალადობრივი ფორმა უფრო ქმედითი აღმზრდელობითი ზომაა და დასაშვებ დისციპლინურ სასჯელს წამოადგენს; ასევე საუბარია ძალადობის ფორმებზე, რომლებიც იდენტიფიცირებული და განზოგადებულია სახალხო დამცველის ოფისის მონიტორინგის საქმიანობის შედეგად; ძალადობის გამოვლინებებს შორის დომინირებს ბულინგი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ასევე მზარდი ტენდენციაა სექსუალური ძალადობის შემთხვევების კუთხით, გარდა ამისა ხშირია ფიზიკური დასჯის მეთოდების გამოყენება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ და სხვა.
წერილში გაანალიზებულია პრობლემასთან ბრძოლის მეთოდების არაეფექტურობა სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, საუბარია არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე, ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის შეზღუდულ ხელმისაწვდომობასა და სხვა საკითხებზე.
სპეციალური მომხსენებლის ვიზიტები ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მანდატის მფლობელს საშუალებას აძლევს ზოგადი შეფასება მისცეს ადამიანის უფლებათა ირგვლივ არსებულ მდგომარეობას ან/და კონკრეტულ ინსტიტუციურ, სამართლებრივ, სასამართლო თუ ადმინისტრაციულ სიტუაციას მოცემულ ქვეყანაში. ვიზიტის განმავლობაში ის ხვდება ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს, ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფებს, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც საჯარო ანგარიშების სახით ქვეყნდება. სპეციალურ პროცედურათა ზოგიერთი მანდატის მფლობელი ასევე მართავს პრეს-კონფერენციებს და აქვეყნებს პირველად შეფასებებს ქვეყნებში ვიზიტების დასრულებისას.
სახალხო დამცველის აპარატი იმედოვნებს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან წარმატებული თანამშრომლობისა და ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, მთავრობისა და სხვა პასუხისმგებელი მხარეების რეაგირების ღონისძიებები უფრო ეფექტური გახდება, რაც აისახება ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და მათი განვითარების ხელსაყრელი პირობების შექმნაზე ქვეყნის მასშტაბით.