სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება ბავშვებს შორის ძალადობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში სოციალურ მედიაში გავრცელებულ შემაშფოთებელ ფაქტებს ბავშვებს შორის ძალადობის შესახებ და ყველას მოუწოდებს განსაკუთრებული სიფრთხილითა და მგრძნობიარე დამოკიდებულებით მოეკიდონ მსგავს შემთხვევებს.

ხაზგასასმელია, რომ ბავშვებს შორის ძალადობა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სპეციფიკურობით ხასიათდება, სწორედ, იმ საფუძვლით, რომ შემთხვევაში მონაწილე ორივე მხარეს ბავშვები არიან და ფაქტის სიმძიმის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებულ დაცვასა და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

სამწუხაროდ, ბავშვებს შორის ძალადობის ბოლო დროს გავრცელებული შემთხვევები წარმოადგენს იმ არაეფექტიანი პრევენციის მექანიზმებისა და არასაკმარისი მხარდამჭერი სერვისების შედეგს, რომელიც ქვეყანაში წლებია მწვავედ დგას და რომელზეც სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებს.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვებს შორის ძალადობის ფაქტების დროულ გამოვლენასა და მათზე ეფექტიან რეაგირებას, რისთვისაც აუცილებელია არასრულწლოვანებთან მომუშავე სპეციალისტების ინფორმირება და უწყვეტი გადამზადება ბავშვებს შორის კონფლიქტური მდგომარეობის მართვის, კეთილსაიმედო გარემოს უზრუნველყოფის, ძალადობის ნიშნების მყისიერი გამოვლენისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავად ბავშვების ინფორმირება თავიანთი უფლებების, ძალადობის მძიმე შედეგებისა და ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ.

მსგავსი შემთხვევების გაშუქებისა თუ აღნიშნულის შესახებ განცხადებების გაკეთებისას, აუცილებელია ბავშვზე მორგებული, მგრძნობიარე მიდგომის გამოყენება, კონფიდენციალურობის დაცვა და იმ საფრთხეებისა და ზიანის გათვალისწინება, რომელიც ამ პროცესში შეიძლება წარმოიშვას და ბავშვებს მიადგეს.

სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბავშვებს შორის ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომით დროულ, ეფექტიან და უწყებათაშორის კოორდინირებულ მოქმედებას.

სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს ბავშვთა მიმართ, ბავშვებს შორის ძალადობის, როგორც ინდივიდუალური შემთხვევების შესწავლას, ასევე, სისტემური გამოწვევების მოკვლევას და გამოკვეთილი გამოწვევების შესაბამისად, გასცემს რეკომენდაციებს ყველა რელევანტური უწყებისადმი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)