სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული ღონისძიებები ბავშვთა დაცვის საერთაშორის კვირეულის ფარგლებში
2021 წლის ივნისის თვეში ბავშვთა დაცვისა და გარემოს საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სამმართველოების წარმომადგენლებმა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე ვებინარები და შეხვედრები გამართეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, ახალგაზრდებთან და სათემო ცენტრებთან. ასევე, მონაწილეობა მიიღეს ტელე/რადიო გადაცემებში.[1]
ღონისძიებებმა მოიცვა იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, სვანეთის, შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები.[2]
ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, შეხვედრებზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ბავშვის უფლებები, ბავშვთა შრომა პანდემიის პირობებში და მის მიღმა, ადრეულ ასაკში ქორწინება და მისი უარყოფითი შედეგები, ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით არსებული საკანონმდებლო რეგულაციები და სახალხო დამცველის მანდატი. კერძოდ, ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად სახალხო დამცველის საქმიანობა და რეკომენდაციები.
ხაზი გაუსვეს ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღების მნიშვნელობას, რაც საფუძველს უყრის ბავშვის უფლებების და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის არსებობას, სადაც ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას სავალდებულოა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინება და მისი აზრის მოსმენა.
შეხვედრებზე მონაწილეების განსაკუთრებული ინტერესის საგანს სახალხო დამცველის პრაქტიკა და ბავშვის უფლებების მიმართულებით არსებული პრობლემების განხილვა წარმოადგენდა. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის გაცნობის მიზნით, დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრები.
ასევე, სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მათ შორის გაერთიანებული შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. შეხვედრაზე განიხილეს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების არსი და მნიშვნელობა, ამ კუთხით საქართველოში არსებული პრობლემები და გამოწვევები, საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში და რეკომენდაციები გარემოს დაცვის უფლების თაობაზე.
შეხვედრის მონაწილეები აქტიურად საუბრობდნენ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე, ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე ბუნების მიმართ, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე.
[1] ტელე/რადიო გადაცემები- https://www.guria.tv/index.php/u-s-news/2019-07-15-07-51-47/16211-2021-05-29-09-2836?fbclid=IwAR3c7FBKzoDt0YNxAnv8uQalXddv4B2GgxqigQnsS8Bvw_zZnhBDhu3l0E8
http://www.radiodk.ge/.../24167-gamtcvirvalepolitika010621
[2] შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ჭიათურის N5 საჯარო სკოლამ, ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლურმა სკოლამ, ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა ახალგაზრდებმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების წარმომდგენლებმა, ბათუმის N1, N17, N22 საჯარო სკოლებმა, მესტიის ეცერის საჯარო სკოლამ, მარტვილის N1 საჯარო სკოლამ, აბაშის N1 საჯარო სკოლამ და ა.შ.