სიახლეები

სახალხო დამცველი მიესალმება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მოწოდებას სახელმწიფოსადმი, უზრუნველყოს ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებით ღონისძიებას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე გამოიცა.

კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახალხო დამცველი მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოა და კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ყოველმხრივი შემოწმების შესაძლებლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში.

სახალხო დამცველი მადლობას უხდის ორგანიზაციას გაწეული სამუშაოსთვის და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მყისიერი რეაგირება მოახდინონ კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სახალხო დამცველისთვის და საზოგადოებისთვის პასუხისმგებელი უწყების მხრიდან გატარებული ღონისძიების ანდა პოზიციის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განთავსებულ ბენეფიციართა საჭიროებების უგულებელყოფა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)