სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა კვლავ არ მიეცა

2021 წლის 15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.

ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელსაც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა. სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია. რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა.

სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

სახალხო დამცველი საგანგაშოდ აფასებს დაწესებულებაში შექმნილ ვითარებას და სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფას. შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • შემჭიდროვებულ ვადებში წარმოადგინონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა პანსიონატში მყოფი ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების თაობაზე
  • დაუყოვნებლივ მიმართონ ყველა ზომას პანსიონატში სახალხო დამცველისა და სოციალური მუშკის ვიზიტებისა და ბავშვებთან ინდივიდუალური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად
  • წარმოადგინონ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტუციონალიზაციის გეგმა და დაინტერესებული საზოგადოების ფართო ჩართულობით დაიწყოს მისი ეტაპობრივი განხორციელება.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)