სიახლეები

რეკომენდაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ საჯარო სკოლასთან დაკავშირებით

2014 წლის 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მესტიის რაიონის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ფიზიკური გარემო და სანიტარულ–ჰიგიენური პირობები შეისწავლეს. ასევე, შეხვდნენ სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს.

სკოლის შენობა ავარიულია და 10 საკლასო ოთახი საფრთხის შემცველ პირობებში ფუნქციონირებს. მთელს შენობაში დგას ნესტის მძაფრი სუნი და ზოგი საკლასო ოთახის კედელზე წანაზარდის ფორმის სოკოს ნაირსახეობაა გამოსული. არ არის დამონტაჟებული წყალმომარაგებისა და ცენტრალური გათბობის სისტემები. სველი წერტილები ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ ნორმებს. სკოლაში არ მუშაობს კვების ბლოკი და ექთნის კაბინეტი.

სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მაღალ კლასებში ზოგად განათლებას იღებენ სოფელ იელში მცხოვრები ბავშვებიც. მიუხედავად რთული გეოგრაფიული და კლიმატური მდგომარეობისა, მოსწავლეების ტრანსპორტირება არ ხორციელდება.

ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტები ავალდებულებს სახელმწიფოს, ერთი მხრივ, პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, უზრუნველყოს ქვეყანაში საგანმანათლებლო დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირება, ხელი შეუწყოს აღსაზრდელთათვის უსაფრთხო და სათანადო ფიზიკური გარემოს მიწოდებას, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უფლების იმპლემენტაციას, ხოლო მეორე მხრივ, ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, არ მოახდინოს არამართლზომიერი და უკანონო ჩარევა დაცული სფეროს ამ ნაწილში.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უზრუნველყოს მესტიის რაიონის სოფელ წვირმის საჯარო სკოლა ახალი შენობით, რომელიც მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის /სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებზეც, დაინერგოს ინკლუზიური განათლების პროგრამა, განხორციელდეს ფინანსური და სამართლებრივი ღონისძიებები სკოლის უსაფრთხო და სათანადო ფიზიკური გარემოსა და სანიტარულ–ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად.

სოფელ წვირმის საჯარო სკოლა - იხილეთ ფოტოგალერეა


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)