პედოფილიასა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმი
2024 წლის 12 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც პედოფილიასთან ბრძოლისა და ბავშვთა უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
კონფერენციაზე ახალი ინიციატივა - მსხვერპლთა უფლებების დაცვის მიზნით პედოფილიასა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმი წარმოადგინეს და ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა განიხილეს. ინიციატივა ინტერნეტ სივრცესა და მის მიღმა პირადი ცხოვრების კადრების მოპოვების, გავრცელებისა და შანტაჟის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებულ დანაშაულებს მოიცავს, რომლის მსხვერპლებიც, სრულწლოვან ადამიანებთან ერთად ხშირად მცირეწლოვანი და არასრუწლოვანი ბავშვები ხდებიან.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივა ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისკენ კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ აპარატი, თავისი მანდატის ფარგლებში, აქტიურად ჩაერთვება საკანონმდებლო განხილვებსა და შემდგომ მისი იმპლემენტაციის პროცესში.
ამასთან, ისაუბრა არასრულწლოვანთა ძალადობისგან დაცვის თვალსაზრისით, როგორც საქართველოში, ასევე, ზოგადად მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ძალადობის დროული გამოვლენის, ეფექტიანი და კოორდინირებული რეაგირების ხარვეზებზე და საზოგადოების, განსაკუთრებით კი, არასრუწლოვანთა ინფორმირების გაზრდის აუცილებლობაზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ყოველწლიურად ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის 100-ზე მეტ შემთხვევას სწავლობს. თავად ბავშვების მომართვის საფუძველზე შესწავლილ საქმეთა შორის არის ონლაინ გარყვნილი ქმედების, ე.წ. grooming-ის და სექსუალური ქმედების, სექსუალური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გაგზავნაზე დაყოლიების მიზნით ზეწოლის, მუქარის, დაშინების შემთხვევები.